20 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
ნატო-მ ალიანსში რუსეთის მისიის 7 წარმომადგენელს აკრედიტაცია გაუუქმა

სოლსბერიში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ კოლექტიურ პასუხს ნატო-ც უერთდება. ალიანსი ნატოში რუსეთის წარმომადგენლობის რიცხვს 20-მდე ამცირებს.

ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთის მისიის მოქმედ შვიდ თანამშრომელს აკრედიტაცია გაუუქმა.

მისი განცხადებით, ეს არის მტკიცე გზავნილი მოსკოვისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება რუსეთის სახიფათო ქმედებებს.

„მოკავშირეებს შორის ინტენსიური კონსულტაციების შედეგია 25 ქვეყნიდან 140 რუსი ოფიციალური პირის გაძევება. ეს არის ძლიერი საერთაშორისო კოორდინირებული პასუხი. ამ პასუხის ფარგლებში ჩვენ შემდგომ ნაბიჯებსაც ვდგამთ. დღეს გავუუქმეთ რუსეთის მისიის შვიდ წარმომადგენელს აკრედიტაცია. ასევე უარს ვეტყვით აკრედიტაციის სამ მოთხოვნაზეც. ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ 10 კაცით შეამცირა რუსეთის მისია. ეს არის მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, რომ მის მიუღებელ და საშიშ ქმედებებს ფასი და შედეგი მოჰყვება,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ფაქტის გამო, დიდ ბრიტანეთთან ერთად, რუსი დიპლომატების გაძევება 25-მა ქვეყანამ გადაწყვიტა. რუსი დიპლომატების გაძევებაზე ბელგიის ხელისუფლებაშიც მსჯელობენ.

 

დღის ამბები