24 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
ჰესების მშენებლობა სვანეთში - პროტესტის გამო, მესტიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები გაათავისუფლეს

სვანეთის მოსახლეობა ჰესების მშენებლობას არჩევანის ეთერში აპროტესტებს. სვანეთის მკვიდრი დავით გულბანი სვანეთში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ სვანეთში 50-მდე ჰესის აშენება იგეგმება.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ სახელმწიფომ უფრო შორსმიმავალი ხედვით შეხედოს ყოველივეს... ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ ენერგია გვჭირდება, მაგრამ რის ფასად უნდა განვითარდეს და საბოლოო ჯამში, რა უნდა დავთმოთ, სადღაც უნდა მოვნახოთ შუალედი,“ - განაცხადა გულბანმა.

სვანეთის მკვიდრი მანანა საღლიანი აღნიშნავს, რომ გარემოზე ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა.

„ჩვენ ვართ წინააღმდეგი, მაპატიეთ გამოთქმაზე, უნამუსო სამუშაოს შესრულებისთვის. არ შეიძლება, ეს ისე გაკეთდეს, როგორც ესენი აკეთებენ, ეს არის პირდაპირ მავნებლობა. ჭალადის მყინვარი არის სავიზიტო ბარათი ჩვენი კუთხის და დღეს ჭალადის მისასვლელი არაფერი აღარ არსებობს. მყინვარამდე ავიდნენ მაღლა, გამოშიგნულია, გამოხრულია მთები,“ - ამბობს მანანა საღლიანი.

ადგილობრივის თქმით, ერთ-ერთი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, საფლავები წყლის ქვეშ მოჰყვება.

„ჩვენ მიერ გამოთქმული პროტესტის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაგვათავისუფლა კულტურის სამსახურის უფროსი, ნარგიზ ნიგურიანი, სახელოვნებო სკოლის დირექტორი, მაია კახიანი და მე, რომ ჩვენ არ ვართ იმ სათანადო დონეზე,“ - განაცხადა საღლიანმა.

მესტიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ნარგიზ ნიგურიანი, აცხადებს, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, რომან მიქაუტაძემ, ადგილობრივებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეს პროექტი უსაფრთხოა.

ნარგიზ ნიგურიანი აცხადებს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს რამდენიმე წევრი თემის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა, ფართო განხილვა არ ჩატარებულა.

„ის სამი ადამიანი ვიპოვეთ, რომელიც ესწრებოდნენ ამ განხილვას, მაგრამ კატეგორიულად უარყვეს, წარმოდგენილი პროექტი სულ სხვა იყო იმ დროს და აღმოჩნდა სულ სხვა,“ - განაცხადა ნიგურიანმა.

დღის ამბები