24 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
ვიწრო ჭრილში ამის განხილვა არ შეიძლება... ჩვენ ყველა ჰესი გვჭირდება - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იმ სიკეთეებზე საუბრობს, რასაც კონკრეტულ რეგიონებს ჰესების მშენებლობა მოუტანს. რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ენერგეტიკის განვითარება პირდაპირ ბმაშია ტურიზმის განვითარებასთან და ეკონომიკური წინსვლასთან, ამიტომ ამ პროცესის ვიწრო ჭრილში განხილვა არ შეიძლება.

„მინდა, დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომ ამ ჰესებს მოაქვთ სარგებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს ვიწრო ჭრილში ამის განხილვა არ შეიძლება,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისივე განმარტებით, კონკრეტული მშენებლობის დაწყებას საკმაოდ დიდი პროცესი უძღვის წინ, მათ შორის ხანგძლივი კვლევები.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მაგალითად ნორვეგია, შვეიცარია და სხვა ქვეყნები მოჰყავს და ამბობს, რომ ასეთი მშენებლობები ხორციელდება ასეთ ქვეყნებშიც და ეს არის მიღებული პრაქტიკა ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის.

რომეო მიქაუტაძე ასევე გამოეხმაურა მოსახლეობის მოთხოვნას, რომლებიც მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ინფორმაციას ითხოვენ. მისი თქმით, არსებობს მზაობა შეხვედრის ექსპერტების მონაწილეობით, თუმცა, ამ დრომდე ასეთი შეხვედრა ვერ შედგა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ყველა ჰესის შემთხვევაში განსაზღვრულია, რა მოხმარება აქვს ქვეყანას, რა მოხმარება ექნება და ა.შ. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ჰესი არ გვჭირდება, არის არასწორი.

„ჩვენ ყველა ჰესი გვჭირდება,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის მოადგილეს პასუხის გაცემა სეისმოლოგ თეა გოდოლაძისთვის მოუწია, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტებში სეისმური დასკვნები გაყალბებულია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მშენებარე ჰესების დიდი რაოდენობა შენდება უცხოური კაპიტალით და არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს თანხას ისე, თუ დასკვნა არ არის სრულყოფილი. 

დღის ამბები