21 სექტემბერი 2019,   09:54
ვრცლად
დაზიანებული გზები, გათიშული საბაგირო გზა და ავარიული შენობები - მესტიაში ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ

მესტიის მოსახლეობა და ტურისტები მძიმე ინფრასტრუქტულ პრობლემებზე ჩივიან. უცხოელი სტუმრების ის ნაწილი, ვინც ზამთრის კურორტზე მთელი სეზონის გასატარებლად ჩავიდა, ამბობს, რომ მესტია წელს ტურისტების მისაღებად მზად არ აღმოჩნდა. მათი თქმით, საბაგიროების ნაწილი ხშირად არ მუშაობს.

ტურისტებთან ერთად პრობლემებზე ადგილობრივებიც საუბრობენ. მოსახლეობის ინფორმაციით, მოუწესრიგებელია მთის კურორტთან მისასვლელი გზა, რომელიც თოვლის დროს არასდროს იწმინდება. დაზიანებულია მესტიის ცენტრალური ქუჩის საავტომობილო გზაც, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა უკვე ორი წელია არ აკეთებს.

მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა მესტიის სპორტ სკოლაში. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შენობას რეაბილიტაცია არ უტარდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო სამი წელია შენობა ავარიულია და განახლება ესაჭიროება.

"ნაციონალური მოძრაობა" მესტიის მერს უმოქმედობასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, კაპიტონ ჟორჟოლიანს საკუთრ დასთან 10 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც ჯამში 46 ათასი ლარის ღირებულებისაა. ხელშეკრულება მესტიის მერმა საკუთრ დასთან თეა ჟორჟოლიანთან სარესტორნო მომსახურების შესრულების მიზნით გააფორმა.

კაპიტონ ჟორჟოლიანი ბრალდებებს უარყოფს. მესტიის მერი ამბობს, რომ რესტორან უშბასთან თანამშრომლობა არა მისი დის არამედ შეღავათიანი ფასების გამო გადაწყვიტა. თანხა კი, რომელიც მერიამ გამოყო, მიხეილ ხერგიანის ტურნირში მონაწილეებს მოხმარდება.

მთის კურორტების განვითარების კომპანია ინფორმირებულია მწყობრიდან გამოსული საბაგიროს შესახებ. კომპანიაში ამბობენ, რომ 5 საბაგიროდან მხოლოდ ერთი ტექნიკური შეფერხების გამო არ მუშაობს. მისი შეკეთება კი მომდევნო კვირიდან, მას შემდეგ დაიწყება რაც კომპანიაში საფრანგეთიდან ახალი ნაწილი ჩამოვა.

დღის ამბები