20 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
მასშტაბური პოლიტიკური შეტევა რუსეთის წინააღმდეგ - სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებისგან დასავლეთის მიმართ სოლიდარობას ითხოვს

სამოქალაქო საზოგადოება დასავლეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლებისგან მეტ სოლიდარობას ითხოვს. მათი აზრით, იმ ფონზე როდესაც ბრიტანეთში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანდება, ოფიციალური თბილისის დუმილი მიუღებელია.

ყოფილი დიპლომატები, პოლიტოლოგები და ხელოვანები მიიჩნევენ რომ, დასავლეთის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად არსებობს ბევრი საშუალება, მათ შორის საქართველოდან რუსი დიპლომატების გაწვევა, პროპაგანდისტული არხების აკრძალვა და რუსეთის სახელმწიფო კომპანიებისთვის სანქციების დაწესება.

ფილოსოფოსი, ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ რუსული არხების აკრძალვა ერთ-ერთი ფორმაა, რომლითაც საქართველოს შეუძლია, ცივილიზებული სამყაროს მხარეს იყოს და დასავლეთის პროტესტის ტალღა სათავისოდ გამოიყენოს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ სოლიდარობა ქმნის რეალურ ძალას, რომელმაც მომავალში კონკრეტული შედეგები უნდა მოიტანოს.

მიუხედავ იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში 10-მდე რუსი დიპლომატი ჯერ კიდევ მუშაობს.

ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ნაბიჯები საქართველომ დასავლელ პარტნიორებს უნდა შეუთანხმოს.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში, დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ რუსეთისთვის დისკომფორტის შესაქმნელად საქართველოს ბევრი გზა აქვს, მათ შორის იმ რუსული კომპანიების აღწერა, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევენ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში დაადანაშაულეს, ცივილიზებული მსოფლიოს 27-მა სახელწიფომ 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევა.

 

დღის ამბები