25 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
კრემლი დასავლეთის მიმართ სარკისებური პასუხის მეთოდს იყენებს - რუსეთი 150-მდე უცხოელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს

კრემლი დასავლეთის მიმართ სარკისებური პასუხის მეთოდს იყენებს. მოსკოვში ევროპელი და ამერიკელი ელჩები დაიბარეს და ქვეყნიდან დიპლომატების ნაწილის გაძევების გადაწყვეტილება აცნობეს. საპროტესტო ნოტასთან ერთად მათ იმ თანამშრომლების სიაც გადასცეს, რომლებიც დღეიდან რუსეთში პერსონა ნონგრატად გამოაცხადეს. ერთ კვირაში ქვეყანა 150-მდე უცხოელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს.

რუსეთის საგარეო უწყებაში დაბარებულ ელჩებს შორის დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან უკვე გააძევა და რუსეთმაც ანალოგიური ზომებით უპასუხა. თუმცა დღეს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ახალი ბრძანება მიიღო. მან საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომელთა რიცხვი ბრიტანეთში დარჩენილი დიპლომატების რიცხვს უნდა გაუთანაბროს.

სარკისებური იყო მოსკოვის პასუხი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც, რომელმაც 60 რუსი დიპლომატი გააძევა. პერსონა ნონგრატად რუსეთში შეერთებული შტატებისა და საკონსულოების 60 თანამშრომელი გამოცხადდა. უკვე დაიხურა საკონსულო სანქტ პეტერბურგში.

ვაშინგტონი მოსკოვის გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელმა ბრიფინგზე სდიპლომატების გაძევების კონტექსტში საქართველოც ახსენა.

ევროპასა და ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთიდან დიპლომატების გამოძევებას ახალი ზომების მიღებით უპასუხონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები