24 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
ტომარა ჩამომაცვეს თავზე და გამიტაცეს - სექსმუშაკები პოლიციას ცემასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

სექსმუშაკები პოლიციას ცემასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. 40 წლის ნინა ყვება, რომ მას კლიენტი ერთ-ერთი ვებგვერდის საშუალებით დაუკავშირდა და შეხვედრაზე შეუთანხმდა. ადგილზე მისულ ქალს კი თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მობილური წაართვეს და ხელბორკილები დაადეს.

„ტომარა ჩამომაცვეს თავზე და გამიტაცეს,“ - ამბობს სექსმუშაკი კურიერთან ინტერვიუს დროს. 

სექსმუშაკის მტკიცებით, გამტაცებლები პოლიციელები იყვნენ და მას თანამშრომლობას და კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე ინფორმაციის გაცემას აიძულებდნენ. მისი თქმით, მასზე ზეწოლა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობას დასთანხმდა და სასურველი ინფორმაციის მოძიების პირობა მისცა.

სამართალდამცველებს სექსუალურ, ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში სხვა სექსმუშაკებიც ადანაშაულებენ.

35 წლის ქალი ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ ის პოლიციამ თბილისში მისთვის გაურკვეველი მიზეზით დააკავა. სექსმუშაკის მტკიცებით, ის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც პოლიციის უფროსი სექსუალურ მომსახურების გაწევას სთხოვდა. უარის შემდეგ ქალი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააჯარიმეს.

სექსმუშაკები ამტკიცებენ, რომ გენერალური ინპექციის ცხელი ხაზზე - 126-ზე, არაერთი დარეკვის მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

სექსმუშაკების უფლებების დარღვევაზე ინფორმაცია აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც. ორგანიზაცია მათი უფლებების დასაცავად სპეციალურ პროექტზე მუშაობს.

იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველთა მხრიდან ზეწოლა არასამთავრობო სექტორის ჩარევის შემდეგაც არ შეწყდება, სექსმუშაკები პოლიციის წინააღმდეგ აქციებს გამართავენ.

 

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები