19 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
სასამართლო ირაკლი ქორიძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ელის

წინასწარი პატიმრობა თუ გირაო ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის  - თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი ქორიძისთვის  აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა წინასწარ ორ თვიან პატიმრობას ითხოვს.

„მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ბრალად შერაცხული ორივე ქმედება, რაც ეხება უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე საქართველოში შემოტანას ორგანიზებული ჯგუფის მიერ ირაკლი ქორიძის მიერ იქნა ჩადენილი,“-განაცხადა პროკურორმა ირინა ჩოჩიამ.

დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს და აცხადებს, რომ ირაკლი ქორიძეს დანაშაული არ ჩაუდენია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოძიებას არ აქვს.

„დაცვის მხარე მოითხოვს ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, რადგან არ აღიარებს ის ბრალს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის არ გადაუკვეთია საზღვარი იმ სადაო პერიოდში არც ერთი მიმართულებით.  სიტყვა-სიტყვით, რომ პოლიტიკური მოტივი იკვეთება მის მსჯავრდებაში წერია თეთრი შავზე ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც მიემართა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების რეკომენდაციით , და შეწყალების შუამდგომლობით,“-განაცხადა ირაკლი ქორიძის ადვოკატმა სალომე ჯანაშვილმა. 

ირაკლი ქორიძე იგივე სახის დანაშაულისთვის დაკავებული იყო 2010 წელს, თუმცა 2013 წელს მან სასჯელაღსრულების დაწესებულება გიორგი მარგველაშდვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა. მაშინ ქორიძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა" მიმართა.

შეგახსენებთ, რომ რეანიმობილით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცნობილი ექიმების ოჯახის წევრი, ირაკლი ქორიძე 2 დღის წინ დააკავეს. შსს-ის ცნობით, ქორიძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის საზღვარზე უკანონოდ გადმოსატანად გეგმა წინასწარ შეიმუშავა.

900 აბი ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის სქემაში მონაწილეობისთვის ბრალს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალასაც“ წარუდგენენ. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მას უნდა გადაეცა თურქეთის ტერიტორიაზე ჯგუფის მესამე წევრისთვის წინასწარ შეძენილი ნარკოტიკი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები