66 წლის პედაგოგი, რომელსაც 15 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს დაკავებულია. როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული გუშინ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას აქვეყნებს:
"შსს-ს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ა.კ. სენაკში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,"-აღნიშნულია განცხადებაში.
სამართალდამცავები ფაქტით "შაბათის კურიერში" გასული ანონსის შემდეგ დაინტერესდნენ, სადაც 15 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრობდა და აღნიშნულ ქმედებაში საკუთარ პედაგოგს ადანაშაულებდა.
დღის ბოლოს გოგონა გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმეში ჩართულია საია, სწორედ მისი წარმომადგენლის თანდასწრებით მიმდინარეობდა არასრულწლოვანის გამოკითხვა. მოზარდი 3 საათის განმავლობაში ყვებოდა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის დეტალებს.