24 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
300 აბი სუბუტექსი და შეწყალებული ნარკორეალიზატორი - ზარდიაშვილი პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს

ქვეყანაში ნარკოტიკების ორგანიზებული შემოტანის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმე მწვავე პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდება. მმართველი გუნდის წევრები პრეზიდენტს ქორიძის შეწყალების გამო აკრიტიკებენ და მინიშნებას აკეთებენ, რომ ბრალდებულს პრეზიდენტთან ნათესაური კავშირი აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულში მხილებული პირი, რომელმაც ქვეყანაში 300 აბი სუბუტექსი შემოიტანა შეიწყალა. ზარდიაშვილი პასუხისმეგბლობას სწორედ პრეზიდენტს აკისრებს.

„მე მის ადგილას როგორც მინიმუმ, განმარტებას გავაკეთებდი, როგორ მოხდა, რომ 300 აბი სუბუტექსის შემოტანაში ბრალდებული ადამიანი მოხვდა შეწყალებულთა სიაში, რომელიც თავის შინაარსით არის 10 ათასი ადამიანის დოზა და ეს ადამიანი მან შეიწყალა.

"წინასწარ გეუბნებით, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამაზე პასუხს არ გაგვცემს, ან გაგვცემს, მაგრამ ისეთ აბსურდულს, რომ ამ პასუხს აზრი არ ექნება. შესაბამისად მე რომ მის ადგილზე ვიყო ბოდიშს მოვიხდიდი აუცილებლად.

"ჩვენ ალბათ, კიდევ ვიპოვით მანდ სიურპრიზებს, რადგან წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანები ჰყავს პრეზიდენტ მარგველაშვილს შეწყალებული. მუდმივად ისმის, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედიასაშუალებებში კრიტიკა. შეწყალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტის ინსტიტუტს. შესაბამისად, იგი ამ საკითხზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“- აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

დღის ამბები