16 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
"ზარდიაშვილი თუ მაგარი ბიჭია, მივიდეს და დაელაპარაკოს ბესელიას..." - ელისაშვილის მტკიცებით, ქორიძე პატიმრობიდან ბესელიას რეკომენდაციით გათავისუფლდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ირაკლი ქორიძის გათავისუფლების საქმეზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს აკისრებს.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ ქორიძის შეწყალებას ეკა ბესელია ითხოვდა.

ელისაშვილის თქმით, ბესელიამ დასკვნა გაუგზავნა შეწყალების კომისიას, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქორიძე პოლიტპატიმარი იყო.

ელისაშვილის თქმით, ბესელიამ არამხოლოდ დასკვნა დაწერა, ქორიძის გასათავისუფლებლად რეკომენდაციაც დაწერა.

„ვანო ზარდიაშვილმა ჰკითხოს აბა, ეკა ბესელიას. როდესაც მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ეკა ბესელია იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. უზარმაზარი დასკვნა გამოგვიგზავნა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქორიძე იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული.

ბესელიას ჰკითხოს ზარდიაშვილმა, გაუგზავნა თუ არა ბესელიამ ქორიძის შეწყალების თხოვნა მარგველაშვილს, პირდაპირ წერილით მიმართა, არამხოლოდ დასკვნა დაწერა  და შეწყალების რეკომენდაცია დაუწერა. შესაბამისად, ზარდიაშვილი თუ მაგარი ბიჭია, მივიდეს და დაელაპარაკოს ბესელიას, რატომ იკლავდა ბესელია თავს, რომ გინდა თუ არა, პოლიტიკურად მოტივირებულიაო,“-ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით, თავად შეწყალების კომისიას ქორიძის საქმეში „ძალიან შეეპარა ეჭვი“, ამიტომ ქორიძის საქმე დეკემბერში პირველ სხდომაზე არ უყარეს კენჭი, თუმცა იანვრის თვეში შეწყალების კომისიამ გასცა ქორიძეზე რეკომენდაცია.

ელისაშვილის თქმით, როგორც წინა ხელისუფლების დროს ბევრ სისხლის სამართლის საქმეში, ამ საქმეშიც არსებული მტკიცებულებები ძალიან არადამაჯერებელი იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები