25 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა - მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა და შეფასებები

გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს ვიდეომიმართვაში საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და სიღარიბეზე ისაუბრა.

ვიდეომიმართვის მთავარი ადრესატი საქართველოს მოსახლეობაა, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ, მესამე პრეზიდენტის შეფასებით, უკიდურესად დაამძიმა. სააკაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქიულმა და მაფიოზურმა კლანებმა ხალხის ნაწილი არაადეკვატური საბანკო პროცენტების, ნაწილი კი ლომბარდების მსხვერპლად აქცია.

ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის გეგმას მიხეილ სააკაშვილი მოსახელობას საკუთარ მიმართვაში სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პენსია 400 ლარი, პედაგოგების ხელფასი 1000 ლარი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების კი 2 ათასი ლარი გახდება.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში გაჟღერებული გზავნილები რეალურია, თუ ოპოზიცია ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხებას საპრეზიდენტო არჩვენებით დაიწყებს. ამისთვის სააკაშვილის თანამებრძოლები დიდი ოპოზიციური გაერთიანების და საერთო კანდიდატზე შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე კომენტარს არ აკეთებენ მისი ყოფილი თანაგუნდელები ევროპული საქართველოდან. ქართული ოცნების წევრები კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს კვლავ დაკავებით ემუქრებიან.

მიხეილ სააკაშვილს საკუთარ მიმართვაში საქართველოში ჩამოსვლის დრო და მარშრუტი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში დაბრუნება და მიმართვაში გაჟღერებული დაპირებების შესრულებასაც უზრუნველყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები