20 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
ჩხუბი და გინება პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ჩხუბი და გინება პარლამენტში კაზრეთში მიმდინარე პროცესებს და RMG GOLD-ის საქმიანობის განხილვას მოჰყვა. ფრაქცია ქართული ოცნება-მწვანეების თავმჯდომარეს, გიორგი გაჩეჩილაძეს RMG GOLD-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ოპონენტების პოზიცია არ მოეწონა და საპასუხოდ წინა ხელისუფლების საქმიანობა გაიხსენა. დაპირისპირებაში კომიტეტის ყველა წევრი და მოწვეული სტუმარი ჩაერთო. 

ნაციონალური მოძრაობა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან განმარტებებს ითხოვდა, რა კავშირი აქვს კახა კუჭავას გაჩეჩილაძეს RMG GOLD-თან და ახორციელებს თუ არა ამ დრომდე კუჭავას ოჯახთან დაკავშირებული კომპანია ამბრელა ენტერფრაიზი სამუშაოებს დმანისში. ოპოზიციის ინფორმაციით, კომპანიის 1/3-ის მფლობელი ამ დროისთვის კახა კუჭავას ძმა ირაკლი კუჭავაა. დეპუტატმა ძმას კომპანიის 1/3 2016 წელს 100 ლარად აჩუქა.

ბრალდებების საპასუხოდ კახა კუჭავამ ნაციონალური მოძრაობისგან განმარტება მოითხოვა, თუ რატომ არ ესწრებოდა მათი თანაგუნდელი, კობა ნაყოფია, სხდომას. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან კაზრეთში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული.

კობა ნაყოფია განმარტავს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2013 წლის შემდეგ მას კაზრეთში მოპოვებით სამუშაოებთან არანაირი შეხება არ აქვს.

ხმაურიან სხდომაზე ევროპული საქართველო დაინტერესდა, ითხოვს თუ არა  RMG GOLD დმანისში საქმიანობის გაფართოებისთვის დამატებით ტერიტორიებს. უმცირესობა მთავრობას უმოქმედობასა და კომპანიასთან შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ და საყდრისის კომიტეტმა კი RMG GOLD თვითნებურ საქმიანობასა და სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების მითვისებაში დაადანაშაულა.

გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს არ დაუმალავს, რომ კაზრეთში RMG GOLD-ის საქმიანობამ პრობლემები შექმნა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის ბაზაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კაზრეთში არსებულ ვითარებასა და RMG GOLD-ის საქმიანობას მონიტორინგს გაუწევს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები