19 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
ხელისუფლების შურისძიება - "ბახალა" ახალ ბრალდებას "ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართულობისთვის დევნად" აფასებს

ხელისუფლების შურისძიება - გიორგი გიორგანაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი ბრალდება სხვა არაფერია, თუ არა მისი დევნა ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართულობისთვის.

მსახიობის ხმაურიანი განცხადების ადრესატები დღეს მმართველი პარტიის წევრები იყვნენ. ბახალამ ქართული ოცნების წევრები პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოდანაშაულისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს უკვე მისჯილი. დღეს სასამართლომ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალები ფალსიფიცირებულია და ცრუ ჩვენებებს ეყრდნობა.

საქმის პროკურორმა დღეს დაადასტურა, რომ ბახალას და ირაკლი ქორიძის საქმის მთავარმა მოწმე ჯაბა ხულორდავამ ჩვენება ნამდვილად შეცვალა. პროკურორის მტკიცებით, წინასწარი გამოძიების დროს ხულორდავაზე ზეწოლას ქორიძის დაქირავებული ადვოკატები ახდენდნენ და მას სიმართლის თქმას უკრძალავდნენ.

დაკითხვის ოქმიდან, რომელიც კურიერმა მოიპოვა, ირკვევა, რომ 2017 წლის 26 იანვარს საკუთარ ჩვენებაში ჯაბა ხულორდავამ გამოძიებას უთხრა, რომ აღმოჩენილი ნარკოტიკი მას ზესტაფონში უცნობმა პირებმა გადასცეს.

ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ ამ ჩვენების ჩამორთმევას ხულორდავას ორი ადვოკატი - ნაზელი კლოიანი და მამუკა ლომიძე ესწრებოდნენ.

კურიერის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მამუკა ლომიძეა ის პირი, ვისთან კონსულტაციითაც ხულორდავამ გამოძიებას ამ შინაარსის ჩვენება მისცა. როგორც ცნობილია, ლომიძე ხულორდავას საქმეს მალევე ჩამოშორდა.

უკვე 15 თვეა, რაც ჯაბა ხულორდავას თავისუფლება აღკვეთილი აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულისთვის ის პატიმრობაში 2024 წლამდე რჩება.

დღის ამბები