25 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
უნდა დადგეს გარემოს დაცვის მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - გიორგი ვაშაძე

ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, RMG GOLD-ს თვითნებურ საქმიანობასა და სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების მითვისებაში ადანაშაულებს. ვაშაძის თქმით, კომპანია  საყდრისში სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე ქარხანას აშენებს.

„ჩვენ მივიღეთ სამართლებრივი სტატუსი, რომ შევსულიყავით ამ ტერიტორიაზე, დაგვემტკიცებინა, რომ აქ არის კონკრეტული დანაშაული,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ოქროს მომპოვებელ კომპანიას აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში სახელმწიფო ეხმარება.

„მთელი სახელმწიფო აპარატი შეკრულია იმაზე, რომ RMG GOLD-მა აბსოლუტურად უკანონოდ ააშენა ქარხანა ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. ამ ყველაფერს აკეთებს და პირველყოფილი მეთოდოლოგიით აბსოლუტურად ანადგურებს გარემოპირობებს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე ეკოლოგიურ ზიანზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია უსაფრთხოების ზომების დარღვევით ახორციელებს საქმიანობას.

გიორგი ვაშაძის თქმით, პროკურატურას უკვე უნდა ჰქონდეს გამოძიება დაწყებული, რადგან RMG GOLD-მა სახელმწიფო ქონების დიდი რაოდენობა მიიტაცა.

„უნდა დადგეს გარემოს დაცვის მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომ, რომ სწორედ მის სამინისტროს ევალება, რომ ეს სალიცენზიო ტერიტორიის მონიტორინგი გააკეთოს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები