19 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
ღია ინტერესთა კონფლიქტი, პოლიტიკური კორუფცია - თინა ბოკუჩავა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტზე

იკვეთება გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინტერესები - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, თინა ბოკუჩავამ, RMG GOLD-ის საქმიანობასთან დაკავშირებით კახა კუჭავას დამოკიდებულების შეფასებისას გააკეთა.

თინა ბოკუჩავას თქმით, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, Umbrella Enterprise თავის ძმას 2016 წელს ფორმალურად გადაუფორმა, თუმცა, კახა კუჭავა ბენეფიციარად რჩება.

„კახა კუჭავამ დაადასტურა, რომ საძიებო სამუშაოებს RMG GOLD-თვის, იმ კომპანიისთვის, რომლის მიერ გამოწვეულ ზიანზეც დღევანდელი კომიტეტი მსჯელობდა  და თითქოსდა, ის ძალიან შეწუხებული იყო ამ ზიანით, ასრულებდა თავად მისი კომპანია,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, კახა კუჭავა, ინტერესთა კონფლიქტის გამო, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ უნდა იყოს.

„არამცთუ დღევანდელი სხდომის თავმჯდომარე, არამედ ის ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში უკვე გათავისუფლებული იქნებოდა დაკავებული თანამდებობიდან იმიტომ, რომ ეს არის ღია ინტერესთა კონფლიქტი, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფცია, როდესაც ერთი ხელით ადამიანი Umbrella Enterprise-ის გამოყენებით ჩეხავს ტყეებს RMG GOLD-ის სასარგებლოდ, ხოლო მეორე ხელით, როგორც კანონდმებელი და როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თითქოსდა, იცავს ბუნებრივ რესურსებს და გარემოს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ Umbrella Enterprise არამხოლოდ საძიებო სამუშაოებს, არამედ მომპოვებით სამუშაოებშიც არის ჩართული.

დღის ამბები