„ჩემთვის იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი, რასაც ვისმენდი, როგორც მინისტრისგან, ასევე კომიტეტის თავმჯდომარისგან. ეს იყო პირდაპირი აღიარება, რომ ისინი არიან თანამონაწილეები და მფარველები იმ დანაშაულების, რასაც RMG წლების განმავლობაში აკეთებს,“ - ასე შეაფასა თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანმა, თამარ კეკენაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, პარლამენტში ვიზიტი.
თამარ კეკენაძის თქმით, ლევან დავითაშვილმაც და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამაც, იციან, რომ RMG თავისი საქმიანობით 2013 წლიდან გარემოს წამლავს.
თამარ კეკენაძის თქმით, მინისტრი აღნიშნულ პრობლემებს აღიარებს, თუმცა, რეალურად, არაფერს აკეთებს.
„ფონდის დაფუძნება იყო ის მექანიზმი, რომ რეალურად სამართლებრივი დავა ყოფილიყო შესაძლებელი,“ - განაცხადა კეკენაძემ.
თამარ კეკენაძის თქმით, საია-მ სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო.
ამასთან, კეკენაძე აღნიშნავს, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ივანიშვილს ხელს უწყობენ ხეების გადატანაში.
„საია-მ სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო სწორედ იმ ჭრილში, სამართლებრივად რამდენად სწორად იქცევიან სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც უფლებას აძლევენ ერთ კაცს - ბიძინა ივანიშვილს, გადაკეტოს გზები, შუქი გაუთიშოს ამდენ სოფელს, გადათხაროს ჯებირები,“ - განაცხადა კეკენაძემ.