24 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
დაპირისპირება და ოპოზიციის წევრების დაკავება ქობულეთში - მოსახლეობა ივანიშვილის ეზოში ხის გადატანას აპროტესტებდა

ქობულეთიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში კიდევ ერთი ასწლოვანი ხის ტრანსპორტირებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თურქულ კომპანიას ევკალიპტის გადატანის უფლებას არ აძლევდნენ. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ ოპოზიციური პარტიის წევრთა დაკავება დაიწყო.

სოლომონ ბაჯელიძის დაკავების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა გზა მაინც არ გახსნეს და პროტესტი გააგრძელეს. ერთ-ერთი აქტივისტი ასწლოვანი ევკალიპტის პლატფორმაზეც ავიდა, თუმცა ის პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა და ადგილზევე დააკავა.

აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა, თუმცა პროცესი ხვალ გაიმართება.

ოპოზიცია და რიგითი მოქალაქეები ხის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ითხოვდნენ. საბუთები პოლიციამ აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათიანი მოთხოვნის შემდეგ წარუდგინა. ნებართვა დღევანდელი დღით იყო დათარიღებული, როგორც ირკვევა, ის ოპოზიციის პროტესტის შემდეგ გაიცა.

ხის ტრანსპორტირებისთვის სოფელ ხუცუბანთან გზის პირას მდებარე ხეებს ტოტები ჩამოჭრეს, დროებით ჩახსნეს ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფლის ნაწილი დენის გარეშე დარჩა. პარალიზებული მოძრაობის გამო მოსახლეობა იძულებული იყო, შემოვლითი გზით ესარგებლა.

 

ავტორები: სოფო ჭულუხაძე, ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები