19 აპრილი 2024,   08:20
ვრცლად
სამტრედიის ვიცე-მერი დაკავებულია - ოპოზიცია ირაკლი სულავას დაკავებას შიდაკლანურ დაპირისპირებას უკავშირებს

სამტრედიის ვიცე-მერი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ირაკლი სულავა სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ერთ-ერთ მეწარმეს ქრთამის სახით 20 ათასი ლარი გამოართვა, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ვიცე-მერი თანხის აღების დროს დააკავა.

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულმა 20 ათასი ლარი მეწარმეს, სოფელ დიდ ჯიხაიშში 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ მოსთხოვა. ამ ტერიტორიაზე შ.პ.ს. "ჯდდ გრუპი” სასათბურე მეურნეობის გაკეთებას გეგმავდა.

ვიცე-მერის დაკავების მიზეზი გაუგებარია მისივე თანაგუნდელებისთვის. სამტრედიის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მტკიცებით, მიწა კომპანია ”ჯდდ გრუპი-” ს ყველა პროცედურის გავლით, კანონიერად გადაეცა.

კომპანია ჯიხაიშში სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად მილიონ ორასი ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და მეურნეობაში ოცი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავდა. სამტრედიის საკრებულოში კომპანიის მოთხოვნას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა. „ქართული ოცნების“ წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

კომპანიისთვის მიწის გადაცემის პროცედურა რომ დაცული იყო, ამას სამტრედიის საკრებულოს ოპოზიციაც ადასტურებს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ვიცე-მერის დაკავებას შიდაკლანურ დაპირისპირებას უკავშირებენ.

ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები