„ძალა ევროპაშია“ - რუსული აგრესიის საპასუხოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ ახალ კამპანიას იწყებენ. კამპანიის მიზანია ანტიდასავლური ანტიევროპული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მსახიობები.
დღევანდელ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი საფრთხეა და კამპანიით საზოგადოება გაიგებს თუ რა მეთოდებს იყენებს რუსეთი დასავლეთის დისკრედიტაციისთვის.
„საქართველოს აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი და ეს მხოლოდ და მხოლოდ წევრობა არ იქნება, ეს იქნება უკეთესი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთესი ცხოვრება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამას ცდილობენ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოების გაერთიანება ძლიერი სიგნალია ქვეყნის მთავრობისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის და რუსეთისთვის.
„რუსეთი არის მთავარი საფრთხე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის. დღეს დემოკრატიული სამყარო ერთმანეთის მიმართ არის სოლიდარული, რომ ეს საფრთხე შეაკავოს.“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.
კამპანიის მონაწილეები საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
„ადამიანები, ვინც ეკრანზე ვჩანვართ, აუცილებლად უნდა მივუთითოთ იმ ადამიანებს, ვინც გვიყურებს, რომ ძალა მართლაც ევროპაშია და უნდა შემოგვიერთდნენ. იმიტომ, რომ ევროპა, ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, რაც რუსეთმა დაგვირღვია და წაგვართვა,“- განაცხადა ბახვა ბრეგვაძემ.