მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, რომლის შედეგად ექვსი მუშა გარდაიცვალა და სამი - დაშავდა, ტყიბულში გამომძიებლები ამ დრომდე მუშაობენ. ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი და სამართალდამცველები უბედური შემთხვევის მიზეზებს ადგენენ.
შახტის მფლობელი კომპანია „საქნახშირი“ ამტკიცებს, რომ ქანების ჩამოშლა, რამაც ექვსი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას არ უკავშირდება და ნგრევის მიზეზი სამთო დარტყმა გახდა.
ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი შახტი, სადაც გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა, შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2017 წელს სამჯერ შეამოწმა, ორი შემოწმება გეგმიური იყო, ერთი - საგანგებო. ინსპექტირების დროს ხარვეზები დადგინდა, შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა „საქნახშირს“ გვირაბებში აირის დეტექტორების მონტაჟი დაავალა. სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
უბედური შემთხვევიდან რამდენიმე საათში ტყიბულში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ. მმართველი გუნდის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, „საქნახშირში“ დროებითი მმართველი უნდა შევიდეს.
საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, რომ სახელმწიფომ მიდგომები გაამკაცროს. მათი თქმით, დღემდე შახტსა და მაღაროში მუშების გარდაცვალების მიუხედავად, სასამართლომ საპატიმრო სასჯელი მხოლოდ სამჯერ გამოიყენა და პასუხისგებაში არა ხელმძღვანელი პირები, არამედ რიგითი თანამშრომლები მისცა.
ტყიბულში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიების პროცესში ჩართვას პროფკავშირები ითხოვს.