20 აპრილი 2024,   12:22
ვრცლად
წინასწარი შეთანხმება "M2"–სა და "ცენტრ პოინტს" შორის - ადვოკატები მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებლებისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით დაცვის მხარე მთავარ პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს. სამშენებლო კომპანია "M კვადრატსა" და "ცენტრ პოინტს" შორის გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულების შემდეგ, ადვოკატები მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

"ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ "M კვადრატთან" შეთანხმების საბოლოო ვერსიას ხელი სწორედ მაია რჩეულიშვილმა უნდა მოაწეროს, ხელშეკრულების გაფორმების ვადა კი 6 თვეში იწურება.  

გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით, "M2 ცენტრ პოინტს" 6 თვის ვადაში, 15 პუნქტიანი წინაპირობის შესრულებას სთხოვს, რის შემდეგაც კომპანია დაუსრულებელ კომპლექსებში სამუშაოებს დაიწყებს. მშენებლობის სანაცვლოდ კი "ცენტრ პოინტი M2" –ს თბილისსა და რეგიონებში თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს. მემორანდუმის მიხედვით, დაზარალებულ მოსახლეობას 11 ობიექტზე ბინები, ეტაპობრივად სამი წლის განმავლობაში ჩაბარდება.

"M2"-სა და "ცენტრ პოინტ ჯგუფს" შორის დადებული ხელშეკრულების გაცნობას ითხოვენ დაზარალებულები. დღეს ისინი კომპანიის დამფუძნებლებს შეხვდნენ. დაზარალებულები "ცენტრ პოინტ ჯგუფს" უნდობლობას უცხადებენ, კითხვები აქვთ და კომპანიისგან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდებიან.

"ცენტრ პოინტის" დაპატიმრებულ დამფუძნებლებთან საპროცესო შეთანხმება იმ შემთხვევაში გაფორმდება, თუ დაზარალებულთა უმეტესობა შეთავაზებას დათანხმდება. მთავარ პროკურატურას სამშენებლო კომპანიებს შორის მიღწეულ შეთანხმებასა და დაკავებულების შესაძლო გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებს.

მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად მითვისებაში სცნო და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები