25 აპრილი 2024,   00:26
ვრცლად
ტყიბულში დაღუპულთა ოჯახების სოლიდარობის აქცია დაკავებებით დასრულდა

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების სოლიდარობის აქცია დაკავებებით დასრულდა. აქციის ორგანიზატორი, „აუდიტორია 115"-ი იყო.

მსვლელობის მონაწილეებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს და გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება და 5 პირი დაკავება მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის 5 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულები ქალაქის სამმართველოში არიან გადაყვანილები, სადაც მათი ადვოკატები სულ ცოტა ხანში შევლენ.

მსვლელობის მონაწილეები მორიგ საპროტესტო აქციებს აანონსებენ და დაკავებულების გამოშვებას ითხოვენ.

მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე ხელისუფლებას მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

„გვაიძულებენ, რომ ვიყოთ უფრო მეტად რადიკალურები. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ აიღებს საკუთარ პასუხისმგებლობას იმ მოკლულ და არა დაღუპულ და გარდაცვლილ ადამიანებზე, რომლის შესახებაც ვგებულობთ ყოველ მეორე დღეს,“ - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

პარლამენტის წინ "აუდიტორია 115"-ის მიერ ორგანიზებული სოლიდარობის აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შემდგომ აქციას ოთხშაბათს გამართავენ.

აქციის მონაწილეებმა მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვეს, მათ შორის, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის.

აქციის მონაწილეები შრომითი უსაფრთხოების კანონის გამკაცრებას ითხოვდნენ.

დღესვე მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებენ და ხელისუფლებას ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.

მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევა გუშინ მოხდა და 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

დღის ამბები