25 აპრილი 2024,   18:29
ვრცლად
„ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიის არანაირი ნასახი არ არის“ - არმაზ ახვლედიანი

დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი, იმ პროცესებს ეხმაურება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარეობს. ის ამბობს, რომ მმართველი გუნდის განცხადებები კომკავშირის წევრების განცხადებებს ჰგავს.

„საიდან ეს კომკავშირული აზროვნება?! ოპონენტებს ხან ყვავ-ყორნებს ეძახიან, ხან სხვა სიტყვებით მოიხსენიებენ. ამ ადამიანებს არა აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ოპონენტს მოუსმინონ,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანი გადაცემა არჩევანში და აღნიშნა, რომ პრობლემა გაცილებით არსებითია.

მისი თქმით, ქართული ოცნება არ არის პარტია და ის ჩამოიშლება.  

„რა პარტიაზეა საუბარი? ერთ დღეს ის ისე ჩამოინგრევა... ეს, რაც ხდება, არის მაჩვენებელი ღრმა სისტემური კრიზისისა ამ გაერთიანებაში. ერთი მხრივ, ეს არის კრიზისი, რომელშიც იმდენად დაცლილია ქართული ოცნება ყოველგვარი დემოკრატიული შიგთავსისგან. არადა, პრემიერი გვეუბნება, რომ ისეთი ხარისხი გვაქვს, რომ მერე რა, კამათი და დისკუსია კარგიც კიაო. ქართულ ოცნებაში არანაირი ნასახი დემოკრატიის არ არის,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ქართულ ოცნებას არ გააჩნია იდეა, მათ მარტო აერთიანებთ სურვილი,  გაიხანგძლივონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა.

არმაზ ახვლედიანი იხსენებს, რომ, როცა ირაკლი კობახიძე  წარადგინეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე, იქ ლამის სადღეგრძელოები შეისვა პარტიის წევრების მხრიდან, თუმცა, ის ამ კანდიდატურის წინააღმდეგი იყო.

მისივე თქმით, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. 

"თუ გეწყინებათ, ბატონებო, ერთი ჭიქა ცივი წყალი დალიეთ. თქვენ არ შეგწევთ ძალა, რომ მმართველს გაუწიოთ წინააღმდეგობა," - განაცხადა ახვლედიანმა. 

დღის ამბები