20 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
პირადი მონაცემის უკანონო მოპოვება - facebook-ის დამფუძნებელი ამერიკელი სენატორების შეკითხვებს პასუხობს

ამ წუთებში facebook-ის დამფუძნებელი ამერიკელი სენატორების შეკითხვებს პასუხობს. კონგრესმენები უკვე მეორე დღეა მარკ ცუკერბერგისგან მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემის უკანონო მოპოვების სკანდალთან დაკავშირებით ახსნა განმარტებებს ითხოვენ.

ამ თემაზე დასმულ შეკითხვებს ცუკერბერგმა გუშინაც უპასუხა. მან ბოდიში მოიხადა და საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ facebook-ის თანამშრომლები სპეც პროკურორმა რობერტ მალერმა გამოკითხა, რომელიც დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსულ კავშირებს იძიებს.

მარკ ცუკერბერგმა უშუალოდ რუსეთზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ facebook უწყვეტ ბრძოლაშია რუს ოპერატორებთან, რომლებიც სოციალური ქსელის არამართებულად გამოყენებას ცდილობენ. ცუკერბერგმა ეს ბრძოლა გამალებულ შეიარაღებას შეადარა.

„როდესაც პირველად დავუკავშირდით კემბრიჯ ანალიტიკას, მათ გვითხრეს, რომ მონაცემები წაშალეს. ერთი თვის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს სიმართლე არ იყო. ახლა, ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებთან იმის თაობაზე, რაც მათ გააკეთეს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ წაშლიან ინფორმაციას რაც დარჩათ იმისთვის, რომ არასათანადოდ აღარ გამოიყენონ მონაცემები. ჩვენ ვიძიებთ თითოეულ აპლიკაციას, რომელსაც წარსულში ჰქონდა წვდომა დიდი რაოდენობით ინფორმაციაზე. ჩვენ ჩავუშვით ახალი ხელოვნური ინტელექტი ქსელში, რომელიც უკეთესად ახდენს ყალბი ანგარიშის იდენტიფიცირებას. უფლება არ გაქვს facebook-ში ყალბი ანგარიში გქონდეს. ყველა მათგანი ნამდვილი უნდა იყოს,“ - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

დღის ამბები