25 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
ბუდაში დამალული ჰაშიში - დაკავებულია 26 წლის მამაკაცი

სპეცოპერაცია თბილისში - შსს-მ 9 კილოგრამი „ჰაშიშის“ უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა. 9 კილოგრამამდე „ჰაშიში“ ქანდაკებებში იყო მოთავსებული და ის გერმანიის გავლით ნეპალიდან გამოიგზავნა.

ჰაშიშით სავსე ბიუსტების მიმღები 26 წლის მამაკაცია. პოლიციამ ის ამანათის ჩაბარებიდან მალევე დააკავა.

დაკავებულმა „კურიერთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. შესაბამისად უცნობია, იცოდა თუ არა მან რა გამოუგზავნეს უცხოეთიდან.

ამანათის შიგთავსის შესახებ არაფერი იცოდა დაკავებულის მეგობარმა. ახალგაზრდა გოგონამ მხოლოდ დაკითხვაზე გადაყვანის წინ შეიტყო, რომ მისი მეგობრის სახელზე გამოგზავნილ ყუთებში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი აღმოჩნდა.

საქმის დეტალებს ჯერ არ იცნობს ადვოკატი, რომელიც შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰაშიშით სავსე ბუდას ქანდაკებები საქართველოში ორი ქვეყნის გავლით ჩამოიტანეს. ტვირთი ნეპალიდან გამოგზავნეს, თბილისში კი გერმანიის გავლით ჩამოვიდა.

ამანათი დაკავებულმა DHL-ის ოფისში აიღო. საფოსტო გზავნილების კომპანიაში ამბობენ, რომ არ იციან რა იდო კონკრეტული პირისთვის გამოგზავნილ ყუთებში, რადგან ისინი ჩამოსულ ამანათებს სკანერით არ ამოწმებენ. DHL-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, საბაჟოდან მათთან ტვირთი უკვე შემოწმებული მიდის.

ბუდაში დამალული ჰაშიშის საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის მუხლით მიმდინარეობს. ამ ფორმულირებით ბრალს დაკავებულს უახლოეს საათებში წაუყენებენ, რის შემდეგაც მის საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.

დღის ამბები