26 სექტემბერი 2018,   13:44
ვრცლად
კომერციული ბანკები ფინანსთა მინისტრს პასუხობენ და მის განცხადებას არ ეთანხმებიან

კომერციული ბანკები ფინანსთა მინისტრს პასუხობენ. განცხადება, რომლითაც მამუკა ბახტაძემ მეწარმეობის და ბიზნესის შეფერხების მიზეზად მაღალპროცენტიანი სესხები დაასახელა, ბანკები არ ეთანხმებიან.

ბანკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი რეგიონში ყველაზე დაბალია. მათი თქმით, ეკონომიკის, დაახლოებით, 60%-ს ბანკები აფინანსებენ.

„ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე ქართულ საბანკო სისტემაზე გადადის. მე დაგისახელეთ ციფრი, მარტო „თიბისი ბანკის“ მონაცემებით სამ მილიარდ ნახევარი გვაქვს ჩვენ ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში ქართულ კომპანიებში. ამას ვაგრძელებთ. მე ვერ გეტყვით, რატომ ვიღებთ ასეთ განცხადებას. მე ერთი რამ ვიცი, რომ საბანკო სისტემა არის სენსიტიური თემა. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს. ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ის ადგილები, სადაც ალტერნატიული დაფინანსებები შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი. საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ, მას ყველაფრის დაფინანსებას,“- განაცხადა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, კახა კიკნაველიძე ამბობს, რომ სტარტაპების დაფინანსება პრობლემურია ბანკებისთვის. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, საქართველოს ბანკი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.

მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის განვითარების ინიციატივა დღეს ჟურნალისტებს გააცნო, თუმცა გუშინდელი განცხადების დეტალების დაკონკრეტება დღეს აღარ ისურვა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები