25 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში - ივანიშვილი და მასთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე - მიხეილ სააკაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საბანკო სექტორთან დაკავშირებით საუბრობს.

„საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავის ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერმინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ, პრაქტიკულად, ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრივობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ და ზოგადად, პოლიტიკას,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ენმ-ის ლიდერის თქმით, 2012 წელს ბანკების საერთო აქტივები იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა კი 30 მილიარდზე მეტია და ბანკების სუფთა მოგება გაიზარდა 136 მილიონი ლარიდან 900 მილიონ ლარამდე.

„ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, მათ შორის, ამ ბანკების გამო, პირველ რიგში. ბანკების მოგება გაიზარდა ამ გაღატაკების ფონზე 6-ჯერ და ეს რიცხვი ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა, სახელმწიფო აპარატი და პრაქტიკულად, თითოეული ქართველის ოჯახის ქონება. პოტენციურად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბანკის ერთპიროვნული საკუთრება. ამ მევახშეების ხელში გადადის ყველაფერი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ ბანკის ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი სამჯერ გაზრდილია.

„ყოველ მეათე ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს დაყადაღებული აქვს ყველაფერი, ტელევიზორი, სახლი, მაგიდა, სკამი, მაცივარი, საბანკო ანგარიშები, ყველაფერი დაყადაღებული აქვს ამ მევახშეების მიერ, ივანიშვილის და მისი ჯგუფის მიერ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს აქვს ბანკის ე.წ. ამ მევახშეების ვალი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 ენმ-ის ლიდერის თქმით, საქართველოში საბანკო განაკვეთი არის 25 პროცენტი, მაშინ როდესაც ევროპაში 11 პროცენტია, ხოლო სომხეთში 7 პროცენტი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყოველი მეორე პენსიონერი ბანკის მოვალეა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2012 წელს ივანიშვილის ბანკის საერთო კაპიტალი შეადგენდა 400 მილიონ ლარს, ახლა კი 2 მილიარდი ლარია.

„საქართველოში ივანიშვილი გარიგდა TBC ბანკთან, რომლის 25 პროცენტი, როგორც ვიცით, წამოიღო თავად ივანიშვილმა და TBC ბანკთან ერთად, მაგალითად, ახლა ანადგურებს თბილისის ცენტს, გაანადგურა ლაზიკის პროექტი იმიტომ, რომ რასაც ისინი აკეთებენ ახლა ლაზიკაში, ანაკლიის პორტში, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც ჩვენ დავიწყეთ... პრაქტიკულად, სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. ეს სამი ადამიანია თითოეული თქვენგანის ბიუჯეტის მტერი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრისგან გამოსავალს საპრეზიდენტო არჩევნებში ხედავს.

„ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში უნდა შეიცვალოს ძალაუფლება, ხელისუფლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს მაფიის, მათ შორის, ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში. პირველი, რაც უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების ზემოგების ხარჯზე. ხოლო ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე, ჩვენ გავაკეთებთ სიას უსამართლო ვალების და კრედიტების და ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ვალების და ჩვენ დავაწესებთ ორწლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები