ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამას, დღეს მცხეთის რაიონულ პროკურატურაში ელოდებიან.
გივი ტატუნაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და დღეს ის საქმის მასალებს გაეცნობა.
ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურას მკვლელობის შესახებ ოჯახის ვერსიებსაც გააცნობენ.
„კურიერის“ ინფორმაციით, მოკლული ტატუნაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლებას შინაგანი ორგანოების, მათ შორის გულისა და თავის ტვინის გარეშე გადმოსცეს.
კონფიდენციალური წყარო "კურიერს" უყვება, რომ ეს გარემოება, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებმა გადმოსვენების ღამესვე აღმოაჩინეს.
„ექსპერტიზიდან თითქმის სამ კვირაზე მეტი გავიდა და არანაირი პასუხი არ არის, მაშინ როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო საუბრობდა იმაზე, რომ ორ კვირაში მზად იქნებოდა აღნიშნული დასკვნა. მივმართე მთავარ პროკურატურას და მოვითხოვე ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. პროკურატურა ჩემი განცხადების შემდეგ დაუკავშირდა არჩილ ტატუნაშვილის მამას, გიორგი ტატუნაშვილს და საქმის მასალების გასაცნობად ჩვენ დაბარებულები ვართ,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანმა.