19 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
გადაკეტილი გზები და სპეცრაზმი პარლამენტთან - ერევანში აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მეორე დღე ერევანში დაკავებებით დაიწყო. ქალაქის ცენტრში პოლიციამ 30-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ვითარება ერევანში ისევ დაძაბულია.

გადაკეტილია გზები, ბლოკირებულია პარლამენტთან მისასვლელებიც. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია სპეცტექნიკა და სპეცრაზმი. ოპოზიცია სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნას აპროტესტებს. მთავრობა კი აქციის მონაწილეებს შეკრების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

ამ დროისთვის ერევანში  სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ ქუჩები სხვადასხვა მონაკვეთზე.

სომხეთის პარლამენტთან მისასვლელ გზაზე განთავსებულია სპეცრაზმი, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

ოპოზიციის მიზანი კი პარლამენტთან ფართო მასშტაბიანი აქციის მოწყობაა, რადგან პარლამენტმა დღეს სარქსიანი პრემიერად უნდა დაამტკიცოს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2014 წელს, როდესაც ქვეყანა წყვეტდა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას სარქსიანი დაჰპირდა საზოგადოებას, რომ ის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის შემთხვევაში კანდიდატურას აღარ წამოაყენებდა, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ სარქსიანმა ხალხი მოატყუა.

ისინი აქციების გაგრძელებას აპირებენ და აცხადებენ, რომ სარქსიანის პრემიერად დამტკიცებას არ დაუშვებენ.

„ხელისუფლებამ იცის, რომ თუ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს და კანონიერად შეცვლის მთავრობას ისინი ქუჩაში ან ციხეებში აღმოჩნდებიან. მათ გაძარცვეს მთელი ქვეყანა. ხალხის ფული მიითვისეს.

ჩვენი მთავრობის პირველი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ ქვეყნის პრემიერი გახდეს სარქსიანი.

მეორე ნაბიჯი ხელისუფლებიდან  რესპუბლიკური პარტიის ჩამოშორება იქნება. ეს ოლიგარქების პარტიაა ყველა მათგანი ფლობს მსხვილ ბიზნესს. რთული ბრძოლა გველოდება. სარქსიანი მარტივად არ დანებდება. პრეზიდენტის პოსტი მან ორჯერ სისხლისღვრით დაიკავა ამჯერადაც ამას აპირებს“ -აცხადებს აქციის მონაწილე.

დღის ამბები