19 დეკემბერი 2018,   00:28
ვრცლად
25 წლის ქალის მკვლელობა - მომხდარის პროვოცირებაში ბრალდებული ბაქრაძის შვილები მოკლულის დედას ადანაშაულებენ 

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. 

ბრალდების ინფორმაციით, ბაქრაძემ საკუთარი გერი, თამარ გამრეკელაშვილი ორი დღის წინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას, მოკლულის ოჯახი კი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ბაქრაძესთან ერთად დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი. როგორც ცნობილია, გერის სასტიკი მკვლელობის შემდეგ  ბაქრაძემ შემთხვევის ადგილი დატოვა და ის სოფელ თელეთში ნათესავის სახლში იმალებოდა. 

სასამართლოს ბრალდებულის ოჯახის წევრებიც ესწრებიან. ვეფხვია ბაქრაძის შვილს ლიკა ბაქრაძეს მამის ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, თუმცა მას კითხვები აქვს მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით.

ლიკა ბაქრაძე ფიქრობს, რომ დანაშაულის პროვოცირება მოკლული გამრეკელაშვილის დედამ მოახდინა.

„ჩადენილი აქვს და ვეთანხმები. ამას ტყუილად არ გააკეთებდა და მიზეზი მინდა გავიგო, თუ რა არგუმენტები მოაქვს თავის გასამართლებლად იმ ქალბატონს.

ვიცი, რომ თაკო იყო მათი ურთიერთობის წინააღმდეგი და მე ვეთანხმები თაკოს,“-ამბობს ბაქრაძე.

ლიკა ბაქრაძის თქმით, მას ასევე აინტერესებს, რა გახდა თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის მიზეზი, მაშინ, როცა მისი ინფორმაციით, მისი მამა და მოკლულის დედა ერთად ცხოვრობდნენ და მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ხელიც კი მოაწერეს. ბაქრაძე ამბობს, რომ არ სჯერა ნათია გობაძის, რომელიც ამბობს, რომ ქორწინების გაფორმება მას ბრალდებულმა აიძულა.

დღის ამბები