25 წლის თამარ გამრეკელაშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, ბაქრაძე დამამძიმებელ გარემოებას - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ ეთანხმება.
„აღიარებს ფაქტს, თუმცა არ აღიარებს იმ დამამძიმებელ გარემოებას რის გამოც აღნიშნული კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ 109-ე მუხლთან დაკავშირებით. ზოგადად დამამძიმებელ გარემოებას, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს“-აცხადებს ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი.
ბრალის დამძიმების მიზეზებს განმარტავს საქმის პროკურორი. მისი თქმით, მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს განზრახ, განსაკუთრებულ სისასტიკით ჩადენილ მკვლელობისთვის, ვინაიდან მკვლელობა ბავშვების თანდასწრებით მოხდა.
საქმის პროკურორის თქმით, დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია ასევე სითხე და ნივთები, რომელზეც შესაძლოა, აღნიშნული სითხის კვალი იყოს. საქმის პროკურორის თქმით, ექსპერტიზა დაადგენს რა სითხეზეა საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, ბაქრაძე მკვლელობის ჩადენის შემდეგ სახლის დაწვასაც აპირებდა.
„შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გარკვეული სითხე. ასევე ამოღებულია ის ნივთები, რომელზეც შესაძლოა დასხმული იყოს აღნიშნული სითხე. ბენზინია, ნავთი თუ სალიარი ამას დაადგენს გამოძიება“-ამბობს საქმის პროკურორი.