24 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
ხუთჯერ შეცვლილი ჩვენება - ადვოკატების თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეზე ზეწოლა ხორციელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის დაკითხვა დასრულდა. მოწმეს, რომელმაც უკვე ხუთჯერ შეცვალა ჩვენება, დღეს ახალ გარემოებებზე არ უსაუბრია. 

დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები ამბობენ, რომ მოწმეზე ზეწოლა ხორციელდება და სწორედ ამის გამო, ის ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩვენებებს აძლევს. ადვოკატები ზეწოლაში მირზა სუბელიანს ადანაშაულებენ, რომელიც პროკურატურის თანამშრომელი იყო.

„პირველ დღეს მან მისცა დაცვის მხარის სასარგებლო ჩვენება, შემდეგ დღეს მისცა დაცვის მხარის საწინააღმდეგო ჩვენება, აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მოწმის მიერ ჩვენების შეცვლა განპირობებულია მის მიმართ ზეწოლით, ზემოქმედებით, რომელსაც ახორციელებს ბრალდების მხარე,“ - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

მოწმეზე ზეწოლაზე საუბრობს კიდევ ერთი ადვოკატი ინგა შარაშენიძე. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმეში გაცილებით მეტი დამნაშავეა, ვიდრე დაკავებულია. მათ ეჭვი აქვთ, რომ მკვლელობაში სამი დაკავებულის გარდა კიდევ ორი მონაწილეობდა. ამის თქმის საფუძველს მათ საქმეში არსებული გარემოებები აძლევთ.

„მომხდარია ზეწოლა, რათა ძალიან ბევრი პირი იხსნან, მკვლელობის ჩამდენები გადაარჩინონ. ამ მკვლელობაში ძალიან ბევრი პირი მონაწილეობდა, რომლებიც არ არიან დასჯილები და მათზე არ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა,“ - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

პროკურორი კი აცხადებს, რომ ადვოკატები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

„მან, სამი პროცესის მანძილზე, რა ინფორმაციაც მიაწოდა სასამართლოს, შესაბამისობაშია გამოძიების სტადიაზე მის მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ზვიად ფხაკაძე.

დღის ამბები