19 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
"გირგვლიანის შესწორებები" - საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის უფლებების კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით ე.წ. გირგვლიანის შესწორებები განიხილა. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის და მაღალი თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის აღმოფხვრას ემსახურება. განხილვას სანდრო გირგვლიანის მეგობრებიც ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენთან იმყოფებიან სანდრო გირგვლიანის მეგობრები. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ ყველა უბედურებას , რაც გადაიტანეთ თქვენ, სანდრო გირგვლიანის ოჯახმა და მთლიანად საქართველომ. სანდრო გირგვლიანი იყო ამ რეჟიმის სიმბოლო,“-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ცვლილება, რომელიც კანონში შედის არის ერთგვარი აღსრულება სტრასბურგის სასამართლოს 2011 წლის განჩინების.

„ეს ცვლილებები არის სწორედ გამოძახილი და ერთგვარი საკანონმდებლო რეაქცია  სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სადაც დადგინდა, რომ მაშინდელმა სახელმწიფო ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „გირგვლიანის შესწორებების“ სახელით არის ცნობილი, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს, მათ მიერ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში. 

დღის ამბები