25 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულთა მიმართ კანონის გამკაცრებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებული პირების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას ითხოვს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ინიციატივა არასამთავრობო სექტორს გააცნეს.

დეპუტატები ფიქრობენ, რომ ძალადობის პრევენციის მიზნით მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა საკმარისი არაა და აუცილებელია ძალადობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოძალადის მსხვერპლისგან გარიდება და 48 საათის განმავლობაში დაკავება მოხდეს.

„ევროპული საქართველო“ კანონპროექტის ინიცირებას საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„უბრალოდ ქაღალდი კი არ გამოვწეროთ და მოვიშოროთ თავიდან, არამედ რეალურად განვარიდოთ შესაძლო მოძალადე მსხვერპლისგან. და მეორე, ორდერი თუ არსებობს და ამ შემთხვევაში თუ ხდება მკვლელობა, ეს იყოს განსაკუთრებით მძიმე ანუ დამამძიმებელი გარემოება და მეტი სანქცია იყოს, მეტად დაისაჯოს მკვლელი და მოძალადე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორიც.

„ცალკე მუხლი ფემიციდის შესახებ, ცალკე რეგულაცია არის საჭირო, მაგრამ ჩვენ არამხოლოდ კანონის სრულყოფის საჭიროება გვაქვს, ჩვენ გვაქვს ძალიან ხარვეზიანი პრაქტიკა მაშინ, როდესაც არ ხდება სწორად გამოკითხვა მსხვერპლის, არ ხდება სწორად ჩვენების აღება, სრულყოფილად ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა,“ - განაცხადა ორგანიზაცია „თანასწორობის“  მოძრაობის“ წევრმა, ნინო ბოლქვაძემ.

დღის ამბები