20 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
შეწყალების პროცესი - "ქალთა ძალადობის" თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტთან 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქალთა ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციის და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით შედგა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საკითხებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს შეწყალების პროცესი და როგორ უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები, თუ ვის შეიძლება, შეეხოს შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან.

„კარგი იქნება ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის და შემდეგ უკვე თვითონ კომისიასაც და პრეზიდენტსაც გაუადვილეს მუშაობას, თუ იქნება გაწერილი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდება თითოეული საქმე,“ - განაცხადა ქალთა მოძრაობის დამფუძნებელმა, ბაია პატარაიამ.

ქალთა მოძრაობის წევრი, გვანცა ხონელიძე, ამბობს, რომ შეხვედრაზე შეწყალების კომისიის წევრთა შემადგენლობის გაფართოების შესახებ ინიციატივა გამოითქვა.

„შეხვედრაზე გაჟღერდა კომისიის წევრების და თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხი ერთ-ერთი დამსწრეთაგან. მაგრამ ჩვენ ვხვდებით იმისაც, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დიდად არ შეცვლის მოცემულობას. იყო ის ინიციატივა გამოთქმული, რომ კომისიის შემადგენლობა გაფართოვდეს, დაემატოს, მინიმუმ, ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც აქვს გენდერულად მგრძნობიარე დამოკიდებულება,“ - განაცხადა ქალთა მოძრაობის წევრმა, გვანცა ხონელიძემ.

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე, ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო კომისიის წევრთა შემადგენლობის გაფართოებაზე, თუმცა, ამ საკითხზე შეხვედრამდეც იყო საუბარი, მათ შორის პრეზიდენტთან.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, ამბობს, რომ შეხვედრის ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის.

„პრეზიდენტი არის ღია იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩვენ მოვისმინოთ განსხვავებული, მათ შორის კრიტიკული მოსაზრებები, რაც ყოველთვის არის კარგი და დაეხმარება პროცესის გაუმჯობესებას,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები