24 აპრილი 2019,   15:05
ვრცლად
სუს-ის ანგარიში - ოპოზიცია სტრატეგიის არ არსებობაზე, საპარლამენტო უმრავლესობა კი პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობაზე საუბრობს

ხუთ საათზე მეტია, რაც სუს-ის ხელმძღვანელი 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს დეპუტატებს აცნობს. ვახტანგ გომელაურის მოხსენება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

მოხსენების ღია ნაწილში, სუს-ის ხელმძღვანელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მთავარ საფრთხედ კვლავ ოკუპაცია და ტერორიზმი დაასახელა, რის შემდეგაც ოპოზიციის პროტესტის მიუხედავდ სხდომა დაიხურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, უწყების ხელმძღვანელმა ვერ წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომლის საშუალებითაც მმართველი ძალა ქვეყანაში არსებულ რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდება.

„მოვისმინეთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ხედვა, არანაირი სტრატეგია იმისთვის, რომ ეფექტიანად დაუპირისპირდეს რუსეთს, ამ ძალიან  სახიფათო დაპირისპირებაში. ეს იყო სამწუხაროდ მოხსენება, რომელშიც ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი პოლიტიკა, ვერანაირი სტრატეგიული ხედვა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სუს-ი არ მუშაობს იმ საკითხებზე, რომელზეც უნდა მუშაობდეს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სტრატეგიის არ არსებობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერიც. დავით ბაქრაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მთავარი საფრთხეები რეალურად არის შეფასებული, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არ ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ წარმოდგენილი საფრთხეების დასაძლევად რეალური ნაბიჯები იდგმება.

„მთავარი პრობლემა არის ფუნდამენტური სხვაობა იმას შორის რაც წერია ანგარიშში და რაც ხდება ქვეყანაში. ანგარიშში სრულიად სამართლიანად მთავარ საფრთხედ შეფასებულია რუსული პროპაგანდა საქართველოში და ამ დროს ქვეყანაში გაჩნდა ახალი რუსული პროპაგანდისტული არხი გაზპრომის შვილობილი ტელეარხის სახით.

სრულიად სამართლიანად წერია, რომ ტერორიზმი არის მთავარი საფრთხე და ამ დროს ვხედავთ, რომ თბილისში თვეების მანძილზე დაუსჯელად გადაადგილდებოდა ჩატაევი თანამებრძოლებთან ერთად.

სუს-ის ანგარიშში არ წერია მაგალითად, ოპოზიციის თვალთვალი და მიყურადება - რეალურ ცხოვრებაში ვხედავთ, რომ ამით არის სუს-ი დაკავებული“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს დადებითად აფასებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია ამ ანგარიშით მანიპულირებს და ცდილობს, პოლიტიკურ შოუდ აქციოს.

„უფრო მეტმა ოპოზიციონერმა გამოხატა პროტესტი, რომ დახურულიყო სხდომა. რეალურად ამ სესიის მანძილზე სამმა დეპუტატმა დასვა ოპოზიციიდან კითხვა. ჩვენს ოპონენტებს სურთ, რომ სუსის ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში და პოლიტიკური შოუები მოაწყონ მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“-აცხადებს სესიაშვილი.

დღის ამბები