19 ოქტომბერი 2018,   03:32
ვრცლად
გატაცებული ქართველები - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ახალ საფრთხეზე საუბრობს

მცოცავი ოკუპაციის ახალი ფორმა - კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა ქართველების გატაცების ახალ ტაქტიკაზე საუბრობს.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა ადამიანების გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან. მოსახლეობა რუსი ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების მიერ განზრახ მოწყობილ ჩასაფრებებზე საუბრობს.

სოფელ ფლავისმანში მომხდარი ასეთი ფარული თავდასხმის ბოლო მსხვერპლი თამაზ ილურიძეა. ის შეიარაღებულმა პირებმა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც პირუტყვს მწყემსავდა. საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯერ არცევის სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. გატაცებული ილურიძე ოკუპანტებმა მხოლოდ ჯარიმის 80 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

თავს გაქცევით უშველა  ილურიძის თანასოფლელმა გელა გიუნაშვილმა. სოფელ ფლავისმანის მკვიდრი ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ საქონელს გატაცებულთან ერთად მწყემსავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით 2017 წელს ცხინვალისა და აფხაზეთი საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 178 მოქალაქე დააკავეს.

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე

დღის ამბები