19 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
სასამართლო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, 20-მდე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილებით, 20-მდე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო.

მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური დავის დაწყების მოთხოვნით სასამართლო ინსპექტორთან ერთი წლის განმავლობაში 204 საჩივარი შევიდა, საიდანაც ინსპექტორმა 54 საქმე განიხილა.  

საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა 2/3-ით უნდა მიიღოს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის საბოლოო ანგარიში მაისის ბოლოს გამოქვეყნდება. ინსპექტორი არ ასახელებს კონკრეტულ გვარებს, თუ რომელი მოსამართლის წინააღმდეგ არის შესული საჩივრები, მათ შორის არ საუბრობს არც იმაზე, არის თუ არა მათ შორის მოსამართლე ჩინჩალაძე.

„20-მდე საქმეზე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, მათ ჩამოერთმევათ ახსნა-განმარტება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მოსამართლის უფლება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და მოსამართლის უფლებაა, ის მისცემს თუ არა ახსნა-განმარტებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. უკვე შემდგომი ეტაპია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება 2/3-ით პასუხისგებასთან დაკავშირებით მოსამართლის, რომლის შემდეგად საქმე სადისციპლინო კოლეგიას გადაეცემა,“- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორმა, ქეთევან ცინცაძემ.

დღის ამბები