20 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
პატიმრობა დანაშაულისთვის, რომელიც მსჯავრდებულების მტკიცებით, არ ჩაუდენიათ - ყაჩაღობაში ბრალდებულების სკანდალური განცხადებები 

9 წლით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ - ყაჩაღობაში მსჯავრდებული პირები ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობის გამო დააპატიმრეს და დანაშაული არ ჩაუდენიათ. არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ დაკავებული წევრები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ახალციხეში ხე-ტყის უკანონო ჭრას აპროტესტებდნენ და ამის გამო აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა.   

2016 წლის 13 იანვარს ყაჩაღურ თავდასხმასა და მკვლელობისთვის ბრალდებული ოთხი პირი აიყვანეს. ფაქტს ერთ-ერთი დაკავებულის, ქეთევან ხმალაძის არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით სცემა.

ქეთევან ხმალაძის მტკიცებით, მისი გაჩუმების ერთადერთი გზა დაკავება იყო და ამიტომ ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც შუახნის ქალის მკვლელობაც მოხდა, მას და მის თანამოაზრეებს დააბრალეს.

ახალციხის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული ყაჩაღურ თავდასხმაში გაამტყუნა, თუმცა მკვლელობის ბრალდებაში გამართლდნენ. ვინ მოკლა შუახნის ქალი, უკვე მეორე წელია, არავინ იცის.  

ქეთევან ხმალაძისა და მასთან ერთად დაკავებული სამი პირის საქმეს ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს. ადვოკატების ინფორმაციით, საქმეში პირდაპირი მტკიცებულება რითიც მსჯავრდებულების ბრალეულობა მტკიცდება, არ არსებობს. 

დღის ამბები