22 მაისი 2018,   17:31
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურჰესიდან მიღებული უფასო ელექტროენერგიის ხარჯზე ელექტრონული ფულის გამომუშავება იზრდება

"ენგურჰესის" და "ვარდნილჰესების" ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული დენის 92% ზამთარში ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. შეთანხმების თანახმად კი ეს ციფრი 40%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა არ ხდება, მოსახლეობა დენში ფულს არ იხდის და თუ კი ტექნიკური პრობლემების გამო, ოკუპირებული რეგიონი ენგურჰესიდან ვერ მარაგდება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ელექტროენერგიას საზღვარგარეთ ყიდულობს და სოხუმს ისე აწვდის.

რატომ გაიზარდა ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება - ენერგეტიკოსები რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. დენის ოფიციალური ტარიფი იქ 15-ჯერ ნაკლებია ვიდრე დანარჩენ საქართველოში და მოსახლეობა ამასაც არ იხდის. კიდევ ერთი მიზეზი, კრიპტოვალუტის წარმოებაა. აფხაზეთში ყოველთვიურად იზრდება ბიტკოინის ფერმების რიცხვი და ელექტროენერგიის დიდი ნაწილი სწორედ ამ ბიზნესს ხმარდება.

იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაშია, მმართველ გუნდშიც ადასტურებენ. იმის გამო, რომ "ენგურჰესის" მართვის პულტი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თბილისი ვერ აკონტროლებს, თუ რამდენ ენერგიას მოიხმარს საოკუპაციო რეჟიმი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას იმ პროექტს ახსენებს, რომელიც წლებია გაჩერებულია და ენგურზე, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰესის აშენებას გულისხმობს.

აფხაზეთის ელექტრომომარაგების ერთადერთი წყარო „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესია“. 1997 წელს საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება. ამ შეთანხმების თანახმად, გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% ენგურს გაღმა მიდის, 60 კი საქართვლოს დანარჩენ რეგიონებს რჩება.

დღის ამბები