19 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
სოფელ წრომის ბაღისთვის გამოყოფილი ფულით, ხელისუფლებამ გამგეობის ოთახები გაარემონტა - არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი"

სოფელ წრომის ბაღისთვის გამოყოფილი ფულით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამგეობის ოთახები გაარემონტა - 51 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხის არამიზნობრივად გამოყენების შესახებ ინფორმაციას,  არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი", აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დასკვნის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ ეს კონკრეტული ფაქტი
2016 წელს მოხდა, თუმცა მას რეაგირება არ მოჰყოლია. აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ დახარჯული თანხა წრომის თემში შემავალი 7 სოფლისათვის განსაზღვრულ სახსრებს შეადგენდა.

„საბავშვო ბაღის გარემონტებისთვის გამოყოფილი 51 ათას 200 ლარით, რეალურად გარემონტდა ხაშურის მაშინდელი გამგებლის, გიორგი გურასპაშვილის ადმინისტრაციის ოთახები. ეს თანხა გამოიყენეს არამიზნობრივად, გაიფლანგა რეალურად და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი გამოქვეყნებული იყო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია,“-განაცხადა მედია-პროექტ ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარმა ანა აბაშიძემ.

მაშინდელი გამგებლის წარმომადგენელი გიორგი გურასპაშვილი, რომელიც ამჟამად ხაშურის გამგებელია ამტკიცებს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდა და გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

„ეს არაფერი ბაღებზე გამოყოფილი თანხა არ ყოფილა. მეორე სართულზე განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა და მეორე სართულზე იყო ალტერნატიული ბაღი. ასე რომ გავარემონტეთ ჩვენი ქონება. თუ მაინცდამაინც დოკუმენტები ნებავს ვინმეს, შეუძლია დოკუმენტები მოითხოვოს და რაღაც სისულელეები არ ავრცელოს რაღაცა საიტებით,“-აცხადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი.

დღის ამბები