19 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
შიმშილობის 23-ე დღე - პატიმარ გიორგი შარაბიძის ოჯახი კანცელარიასთან აქციას მართავს

პატიმარ გიორგი შარაბიძის ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

პატიმარი 23-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა.

შარაბიძის ოჯახის წევრები და მეგობრები შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ, გასცენ პასუხი, რატომ იდევნებიან ძმები შარაბიძეები.

ახლობლები ამბობენ, რომ გიორგი შარაბიძის ძმა არჩილ შარაბიძე კი უკვე ერთ წელზე მეტია გამგზავრებულია ქვეყნიდან. რაც შეეხება დაკავებულს, მას ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 6 წელი აქვს მისჯილი, თუმცა ბრალს არ აღიარებს.

„ყურადღებას არავინ გვაქცევს, სტაციონარში იმყოფება, თუმცა უარს ამბობს მკურნალობაზე.

ჩემი ძმა არ არის ნარკოდამოკიდებული ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნები“-აცხადებს შარაბიძის და.

აღნიშნულ საქმეზე დღეს კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, პატიმარმა შეწყვიტოს შიმშილობა.

„ჩვენ ვსწავლობთ მის საქმეს, ასევე განვიხილავთ სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენასაც,“-აცხადებს ლომჯარია.

დღის ამბები