26 მაისი 2018,   06:01
ვრცლად
ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - დავით დონდუა სახდეპის შეფასებაზე

„ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების, ოკუპაცია და ამ ტერიტორიებზე 10 ათასობით რუსი სამხედრო მოსამსახურის და მესაზღვრის უკანონო ყოფნა,“ - ამ განცხადებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.  

ანგარიშში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემები. საუბარია ე.წ. გამყოფ ხაზებთან ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებზე. 

„ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების, ოკუპაცია და ამ ტერიტორიებზე 10 ათასობით რუსი სამხედრო მოსამსახურის და მესაზღვრის უკანონო ყოფნა. აღნიშნულია, რომ 300 ათას ლტოლვილს და ადგილნაცვალ პირს არა აქვს საშუალება, დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს და აგრეთვე, შელახულია მათი ქონების უფლება. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლება, რაც კიდევ უფრო ართულებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მოსახლეობის მდგომარეობას,“ - განაცხადა დავით დონდუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე, აცხადებს, რომ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი.

„განსაკუთრებული აქცენტი არის გაკეთებული იმ დარღვევებზე და იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ კვლავ. ეს რჩება ძირითად გამოწვევად. ასევე, არის საუბარი ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. რაც შეეხება სხვა თავებს, დიახ, იქ არის საუბარი მედიის თავისუფლებაზე, არის საუბარი პოლიციაში გატარებულ რეფორმებზე, სხვა რეფორმებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არის  მნიშვნელოვანი და გამახვილებულია ყურადღება საპარლამენტო კონტროლის ისეთ მექანიზმებზე, როგორიც არის აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველის ოფისი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

დღის ამბები