19 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
„საფლავს გვითხრიან, ცოცხლად გვმარხავენ" - პროტესტის მე-12 დღე ტანძიაში

პროტესტის მე-12 დღე ტანძიაში - ადგილობრივებს თითქმის ორი კვირაა, ფიტარეთის სამანქანო გზა გადაკეტილი აქვს და RMG GOLD-ის მანქანებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

მათი ინფორმაციით, კომპანია ოქროს მოპოვებას ღია კარიერების წესით აპირებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება რეგიონში არსებულ ისედაც მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ტანძიის მოსახლეობა RMG GOLD-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან შეხვედრას 12 დღეა, უშედეგოდ ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, გაჩუმების სანაცვლოდ, სამუშაოები ადგილებს სთავაზობენ, თუმცა, ისინი ამ პირობას არ თანხმდებიან და ითხოვენ, რომ ღია კარიერებზე მუშაობა შეჩერდეს.

„საფლავს გვითხრიან, ცოცხლად გვმარხავენ და შეჩერდეს! ეს არის მთავარი მოთხოვნა,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ტანძიის მოსახლეობასთან ცოტა ხნის წინ დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი თქმით, ადგილობრივების უფლებების დასაცავად სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

„მიმდებარე სოფლიდან ადამიანები ყვებიან, რომ მდინარიდან წამოსული წყალი, რომელსაც ისინი სვამენ, რომელსაც მათი საქონელი სვამს, არის მოწამლული, დაბინძურებული,“ - განაცხადა დმანისის გადარჩენის ფონდის ხელმძღვანელმა, თამთა შამათავამ.

დღის ამბები