24 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
ხორავას ტრაგედია იღებს პოლიტიკური შოუს სახეს - ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედის პირველი კომენტარი 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის, დედა პირველ კომენტარს აკეთებ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ნათია საყვარელიძემ ყველა მხარეს საქმეზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.

ნათია საყვარელიძე განმარტავს, რომ პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს, გარკვეულ პოლიტიკურ შოუს ჰგავს. ის მხარეებს კომენტარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

„კომენტარებიდან გამომდინარე და ტელევიზია რასაც აშუქებს, იქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, ხორავას ტრაგედია იღებს შოუს სახეს, მით უმეტეს, პოლიტიკური შოუს სახეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის. კუპრავას, სუბელიანის, კაკუბავას, ამათი ჩართვა, მათი კომენტარებიც ჩემთვის მიუღებელია. ეს იყო ისეთი ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება, პოლიტიკაში გადაზარდოს. ეს იყო ისეთი ტრაგედია, რომ ამ ტრაგედიას ექნება გაგრძელება და ახლა მთავარია, ბავშვები დავიცვათ, რომ ეს ტრაგედია არ გაგრძელდეს,“ - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.  

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ბრალდების 5 მოწმე დაიკითხა. მათ შორის ბრალდების ექსპერტი და სისხლიანი დაპირისპირების თვითმხილველი.

„დღეს დავკითხეთ ერთ-ერთი პირი, რომელიც უშუალოდ უყურებდა ჩხუბს, რომელიც ხორავას ქუჩაზე განვითარდა და ამ კონკრეტულმა პირმა ისეთი სახის ინფორმაცია მიაწოდა დაცვის მხარეს, ისეთი პასუხები გასცა დაცვის მხარის კითხვებს, რომ მიგვაჩნია, ესაც აუცილებლად გაამყარებს ჩვენს პოზიციას და აუცილებლად იმოქმედებს ბრალდების მხარის პოზიციის საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ კი განაცხადა, რომ „ხსენებულმა მოწმემ ისაუბრა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა და სწორედ ეს ის ხალხია, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული  და დღესდღეობით მათ მიმართ, როგორც ბრალდებულების მიმართ მიმდინარეობს პროცესი“. 

დღის ამბები