24 აპრილი 2019,   15:01
ვრცლად
მედიაპლურალიზმის შევიწროვების ხარჯზე ძალაუფლების გაძლიერება, არ არის ცივილიზებული სამყაროს სტანდარტი - ენმ "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

თავისუფალ მედიაზე ზეწოლა ეს არის ხელისუფლების მხრიდან მედიის ხელში ჩაგდების მცდელობა - ასე ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც ხაზგასმულია სხვადასხვა ორგანიზაციის შეშფოთება მთავრობის მიერ კრიტიკულ მედიაში ჩარევის შესახებ და მედიაპლურალიზმის პრობლემაზე. ამ კონტექსტში ანგარიშში "რუსთავი 2"-ის საქმეც მოხვდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მანიშნებელია ხელისუფლებისთვის, რომ ცივილური სამყარო არ აპირებს თვალი დახუჭოს მათ ქმედებებზე.

„მედიაპლურალიზმის შევიწროვების ხარჯზე, ადამიანის უფლებების შევიწროვების ხარჯზე ძალაუფლების გაძლიერება, ეს არ არის ცივილიზებული სამყაროს სტანდარტი და აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საქართველოში დემოკრატიული  განვითარების პროცესით დაინტერესებულია ცივილიზებული სამყარო და მას არავინ არ მისცემს იმის უფლებას, რომ საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე  მან საკუთარი პირადი კომფორტის ზონა გაიფართოვოს,“-განაცხადა კოტე იოსელიანმა.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ კი მიიჩნევს, რომ ანგარიშმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა „ქართული ოცნებისა“ და "ევროპული საქართველოს“ თანამშრომლობაა.

"ყველაზე მთავარი, რაც ამ კონტექსტში იკვეთება ეს არის „ქართული ოცნებისა" და „ევროპული საქართველოს“ სერიოზული ტანდემი, რომელშიც თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, საბოლოოდ გაფორმდა. ხედავთ,  რომ ხელისუფლების ძალიან სერიოზული დაინტერესებაა კონკრეტული მედიასაშუალების კონტროლის მექანიზმში ჩაერთოს და ამაში მას ხელს უწყობს „ევროპული საქართველო.“ ასეთი რამის წარმოდგენა ცოტა ხნის წინ ძალიან რთული იქნებოდა ალბათ,“-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ანგარიშს ეხმაურება „ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანიც. პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სრულიად ნათელია ხელისუფლების ქმედება, რომელიც ცდილობს ოპოზიციური არხის ხელში ჩაგდებას.

„რუსთავი 2" ყველაზე უფრო ოპოზიციურად განწყობილი არხი, ყველაზე ობიექტური არხი ხელისუფლებისთვის წარმოადგენს საფრთხეს და ცდილობს მასზეც გავლენის მოპოვებას. ეს უკავშირდება ხელისუფლებაში დარჩენის სურვილს ქართული ოცნებისა,“-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები