24 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
"რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონული უსაფრთხოებისთვის" - ირაკლი კობახიძე

ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ-როსის" 97-ე სემინარი მიმდინარეობს. სემინარის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. ირაკლი კობახიძემ რუსულ ოკუპაციაზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა რეგიონის უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევაა.

„პირველ რიგში მსურს განვაცხადო, რომ 2016 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათლად იყო ხაზგასმული, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს.

ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა  უმთავრესი გამოწვევაა რეგიონული უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში  ისეთი უძლიერესი ძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემების სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი.

ახლაც კი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეგიონის გასწვრივ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიას ყოველდღიურად“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმაც.

მოგვიანებით,  ლევან იზორიამ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ასამბლეის მონაწილეებმა განიხილეს. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, კიდევ ერთხელ გაცხადდა ნატოს ურყევი ნება მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოკლედ გვესაუბრა სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე განსაკუთრებით კანონის უზენაესობის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისა და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებების შესახებ“- განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები