24 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის და მეუფე შიოს პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ

სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები წმინდა სინოდს მიმართავენ. ისინი პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და საპატრიარქოს მმართველი ორგანოსგან კონკრეტული ფაქტების შესწავლასა და ზვიადაძის გადადგომას ითხოვენ.

ყოფილმა სტუდენტებმა დღეს კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვეს, რომელიც მათი თქმით, სემინარიასა და საპატრიარქოში ხდება.

ყოფილმა სტუდენტებმა კორუფციულ ფაქტებზე ისაუბრეს. ისინი ამბობენ, რომ სემინარიის და აკადემიის შენობის მშენებლობისთვის საპატრიარქომ რამდენიმე წლის წინ გამოყო 4 მილიონი ლარი. მე-9 საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო შენობა, თუმცა 4 მილიონი დაიხარჯა ისე, რომ ამ თანხის ღირებულების სამუშაოები ადგილზე არ ჩატარებულა.

სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულის, გიორგი მიქიაშვილის თქმით, სწორედ რექტორი პროტოპრესვიტერი ზვიადაძე განაგებს ყველაფერს და ის არის პასუხისმგებელი ამ თანხებზეც.

„როცა მივდივართ და ვხედავთ, რომ არაფერი იქ არ გაკეთებულა ისეთი, რაც 4 მილიონი ლარით შეფასდება, ჩვენ ვღებულობთ სასულიერო პირებისგან მხოლოდ ერთ პასუხს, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ ეკლესიის რეპუტაცია არ დაზიანდეს, რომ არ შეიბღალოს და არ მოხდეს, ასე ვთქვათ, სასულიერო პირების დაქვეითება და მაქსიმალურად შეურაცხყოფა ამით, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ეკლესიის მრევლმა, ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს მდუმარებით,“ - განაცხადა გიორგი მიქიაშვილმა.

ყოფილმა სტუდენტები დღევანდელ პრესკონფერენციაზე პატრიარქის მოსაყდრე შიოს განცხადებებსაც გამოეხმაურნენ. კურსდამთავრებულების თქმით, მეუფე შიომ მათი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა და სწორედ ამის გამო მოითხოვენ მისი პასუხისმგებლობის დაყენებას.

ყოფილი სტუდენტები აცხადებენ, რომ მეუფე შიომ ისინი ეკლესიის მტრებად მოიხსენია და სწორედ ამის გამო უნდა იმსჯელონ წმინდა სინოდის წევრებმა და დააყენონ მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ასე არ მოხდება, კურსდამთავრებულები არ გამორიცხავენ, რომ მათ სამართალდამცავ უწყებებსაც მიმართონ.

დღის ამბები