19 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
"სასაცილო მდგომარეობაა უკვე... გვყავს უპასუხისმგებლო პრეზიდენტი" - ვანო ზარდიაშვილი

მმართველი გუნდის წევრი ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტს ურჩევს ბრალდებების ნაცვლად, საკუთარ საქმიანობას პასუხისმგებლობით მოეკიდოს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, გიორგი მარგველაშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი დაკავებული იყო პროპაგანდისტული შავი პიარით.

ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ითხოვს და ქვეყნის პირველ პირს უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„სასაცილო მდგომარეობაა უკვე როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ყველა სხვა სამთავრობო უწყებებისკენ იშვერს ხელს და თვითონ არ იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს უპასუხისმგებლო პრეზიდენტი. არ მიგვიღია პასუხი რა მოხდა ბაქრაძის საქმეში. ჩვენ არ მიგვიღია პასუხი მისი ცოლის ძმის შეწყალების საქმეში. ჩვენ არ მიგვიღია პასუხი ვაკეში მომხდარ საზარელ დაჭრასთან დაკავშირებით სადაც ხუთი ჭრილობა მიაყენეს მოქალაქეს, ხოლო პირველი ინსტანციის განაჩენის დადგომის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იგი შეიწყალა. შესაბამისად ამ კითხვებზე მას პასუხი აქვს გასაცემი,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

პრეზიდენტს აკრიტიკებს მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი ანრი ოხანაშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყო დაკავებული არასწორი მიმართულებით დისკუსიისკენ.

პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებს შპარგალკებით პროპაგანდისტული ომი და იეჟოვის ტერმინოლოგია უწოდა. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც მარგველაშვილმა "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განაცხადა, მსხვერპლი თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში, თავად გააკეთა განცხადება, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა, ხოლო  როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რატომღაც ყველაფერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაბრალდა.

პრეზიდენტი შს სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები